„საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა დამოუკიდებლობის დღე მივულოცო. ეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მონაპოვარია,“ - ასე მიულოცა ქეთევან ციხელაშვილმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, 26 მაისი არის დღე, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იბრძოლეს.
„მაშინ საბჭოთა იმპერიამ ჩვენი დამოუკიდებლობა მთელი შვიდი ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ უკვე მეოთხედი საუკუნეა ჩვენ ისევ გვაქვს დამოუკიდებლობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულებულა. ცხადია არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი ოკუპირებულია. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ მშვიდობიანად, განვითარებით, პროგრესით და მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.
„დღეს მე ახალქალაქში ვიქნები ჩვენ სომეხ თანამოქალაქეებთან. განსაკუთრებული აღნიშვნა გვექნება მარნეულშიც, ჩვენ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან. მინდა მივმართო თითოეულ თანამოქალაქეს, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანებს საოკუპაციო ხაზის აქეთ თუ იქით, რომ თავისუფლება უდიდესი ღირებულება და უდიდესი მონაპოვარია და თითოეული მათგანის თავისუფლებას, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაა, დავიცავთ. ეს დღე ჩვენია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებასა და მის მნიშვნელობას ეძღვნება. 26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწვევს.