შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქიდან მიულოცა, სადაც 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში ასე მასშტაბურად წელს პირველად აღინიშნა. ღონისძიებები ქალაქში დილიდან დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებში გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, დაიდგა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული სტენდები, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი, მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სპორტული წარმოდგენები, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, 17 საათსა და ათ წუთზე კი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
„მთელ საქართველოს ახალქალაქიდან ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ახალქალაქელებს. ეს თითოეული ჩვენგანის დღეა, თითოეული ჩვენგანის ზეიმი და მონაპოვარია, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ჩვენმა წინაპრებმა ამ დღისთვის იბრძოლეს, მოიპოვეს თავისუფლება და ჯერ კიდევ ასი წლის წინ შექმნეს სამაგალითო დემოკრატიული სახელმწიფო. მართალია, ჩვენი დემოკრატიული განვითარება საბჭოთა კავშირის მხრიდან ოკუპაციამ მთელი შვიდი ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ თავისუფლება დავიბრუნეთ, მას არ დავთმობთ და მეტიც - ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ეს ბრძოლა მშვიდობიანია -განვითარებით, განათლებითა და პროგრესით. წლევანდელი დევიზია გააზიარე ცოდნა და დარწმუნებული ვარ, მეტი ცოდნით, თითოეული ოჯახის კეთილდღეობით, ამ გამოწვევასაც აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.