2-3 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა, სადაც პირველ რიგში ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხი იქნა განხილული. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა და ხაზი გაუსვა სიტუაციის დარეგულირების აუცილებლობას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება. ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან საქმის მასალების დაუყოვნებლივ გაზიარება მოითხოვეს.
ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები იქნა განხილული. გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ.
ქართულმა მხარემ წამოჭრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემა. შეშფოთება გამოხატეს უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტების გამო და ხაზგასმით დააფიქსირეს ამ ყველაფრის მიუღებლობა. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს.
განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა.
არაერთხელ აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა წინა რაუნდების მსგავსად დატოვეს.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.