10 საკითხი განიხილეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 94-ე შეხვედრაზე, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
შეხვედრაზე მთავარ საკითხად, ქართული მხარის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მის წამებაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა იქნა დაყენებული. აგრეთვე, ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების კატეგორიული მოთხოვნა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეზე არსებულ კითხვებზე ობიექტური პასუხების გაცემა იყო. მხარეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტებიც განიხილეს.
„შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულად წარიმართა, სამუშაო გარემოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის თემები დავაყენეთ, სადაც სამწუხაროდ პროგრესი ჯერ კიდევ არ გვაქვს. არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემაზე ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ისევ უარს ამბობენ. ასევე იმ პირად ნივთებზე, რომლებიც მას თან ჰქონდა.
„საუბარი ასევე იყო უკანონო ბორდერიზაციაზე. მათი მხრიდან დაყენებულ იქნა ე.წ. საზღვრის დემარკაცის საკითხი, რაზეც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერასოდეს შევთანხმდებით. ამ თემის განხილვაშიც კი არ შევდივართ, რადგან აღნიშნული ფორმატის ფარგლებს სცდება.
„ჩვენი მხრიდან ასევე დაყენებული იყო ამოუცნობი საფრენი აპარატების მიერ თბილისის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, რაზეც კონკრეტული განმარტება და პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალი შეხვედრისათვის ცხინვალის წარმომადგენლებისა და რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ინფორმაცია გვექნება“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება.