შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტატში, მისაქციელსა და ახალუბანში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.
ცენტრალური ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ადგილობრივებს მათ სოფლებსა და რეგიონში დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს.
"რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მათთან იმ პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც კონკრეტულ ადგილზე დასახლებული თემისათვის მნიშვნელოვანია. რამდენადაც ამ ეტაპზე მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა მიმდინარეობს, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იგი მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების მიხედვით გაიწეროს.
"მოსახლეობისაგან ვიღებთ ინფორმაციას მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, ვმსჯელობთ გადაჭრის გზებზე და ვაწვდით ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ადგილობრივების გაძლიერებასა და რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს. შეხვედრებზე გამოიკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევევი, რომლებიც უკავშირდება სასმელ წყალს, სოფლის შიდა გზების განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია შუამავლების გარეშე,პირდაპირი გზით მივიღოთ",-განაცხადა ლია გიგაურმა.
შეხვედრებზე მოსახლეობას მათთვის საინტერესო თითოეული კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცა.