„ამ ეტაზე, მთავარი პრირიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ახალუბანთან დაკავებულ მოქალაქეებზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, გუშინ და დღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა. ქართული მხარის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამ პირების გათავისუფლება გახლავთ. ასევე, ინფორმირებული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობაც მობილიზებული იყოს და საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდეს.
„ეს უკანონო დაკავება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაუმართლებელი და ძალიან მტკივნეულია, არა მხოლოდ კონკრეული ოჯახებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. მითუფრო იმ ფონზე, როცა წინა დღეების განმავლობაში ჩვენ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის ეპიზოდი გვქონდა. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძიმებს ფონს როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
„ამ ეტაზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ. ცხელი ხაზით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება ის, რომ ისინი გათავისუფლდნენ“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.