შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე, პირველ რიგში, სოფელ გუგუტიანთკარში ამ დროისათვის არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა, მისი განხორციელების მიმდინარეობა და შედეგები. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისათვის დგამს.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ევროკავშირის მხრიდან გაწეული ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ევროკავშირის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორის ჩართულობისა და მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.