შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს დელფიმ სანტიაგო დას ნევეს და ასამბლეის დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო. დეტალურად მიმოიხილა იქ მცხოვრები მოსახლეობის სირთულეები, რომლებიც მათ რუსეთის ოკუპაციის გამო ექმნებათ.
განიხილეს ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეული პრობლემები, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვის შედეგები და ა.შ. აღინიშნა ჰუმანიტარული ასპექტების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობა. მხარეებმა ცალსახად განაცხადეს, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება პოლიტიკური კონტექსტის გარეშე.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგებისა და ჩართულობის მიზნით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯებიც გააცნო. ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც იმპლემენტაციის პროცესშია. მხარეები ჟენევის საერთაშორისიო დისკუსიების მიმდინარეობასაც შეეხნენ.
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.