„აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არალეგიტიმური და უკანონოა“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, შეუძლებელია ამას ყველაფერს რაიმე საბაბი და არგუმენტი ჰქონდეს. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მოსახლეობაზე პირდაპირი ზეწოლაა.
„ამ ჯერზე, როდესაც ოძისი-ახალგორის მიმართულებით მოძრაობა სრულიად შეფერხდა, თავად ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ ეს ორი დღით იყო. გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა ფაქტობრივად არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასევე ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე. როცა ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება, ფაქტობრივად, რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება.
„მოგეხსენებათ, წინა წლის დასაწყისში, გადაადგილება ორი თვით ჩაიკეტა, ასეთივე აბსურდული მიზეზით, თითქოს ეს გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნიდა, რომელიც ისედაც გავრცელებული იყო. თვეების შემდგომ, როცა ეპიდემია მთელს ევროპასა და მათ შორის, საქართველოში ამოიწურა, ცხინვალის რეგიონში ადამიანებს ამ ვირუსთან გამკლავება უხდებოდა. მათ შორის ბაღებსა და სკოლებში.
„რამდენადაც კრიტიკული და მკაფიო ვარ ჩემს შეფასებაში, იმდენად მინდა მაინც გამოვხატო იმედი, რომ იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ამ ზომას ადამიანებზე ზეწოლისათვის იყენებს, გაცნობიერებული იქნება ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც ამას გაყოფილი ოჯახებისათვის მოყვება და აქედან გამომდინარე, უკანონო შეზღუდვა, რომელიც ისედაც შეზღუდულ გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მოიხსნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო შეზღუდვის მოსახსნელად ატარებს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს პარტნიორებთან და ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.
„სწორედ ახლა დავასრულე შეხვედრა ევროსაბჭოს მომხსენებლებთან, რომელთაც უკვე მერამდენე წელია, სამწუხაროდ, არ ეძლევათ ადგილზე წვდომის შესაძლებლობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გენერალური მდივნის დავალებით მუდმივად ამზადებენ სიტუაციაზე მონიტორინგის ანგარიშს.
„მათთანაც გვქონდა საუბარი ამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ყველაზე მწვავე გამოწვევაზე. ასევე, ჟენევის თანათავმდჯომარეებთან. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არის კომუნიკაცია. ჩვენ ყველა ამ არხით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა იქნას გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს.
„დავანებოთ თავი ამ ხალხს, რომელსაც გადაუჭრელი ოკუპაციის პირობებში ცხოვრება ისედაც ძალიან უჭირს. ამით ზარალდებიან ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს. დროა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება მოხდეს მანამდეც, ვიდრე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.