შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიება, ამავდროულად, ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება. მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ კნირშმა მიმართა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მშვიდობის საერთაშორისო დღე საქართველოსთვის განსაკთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, მიმდინარე ოკუპაციისა და გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს.
„ჩვენთვის ეს ყველაზე მაღალი ღირებულება - ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ ვმუშაობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რის გარეშეც, მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოუდგენელია. ამ განსაკუთრებულ დღეს მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტითა და ომით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რომელთაც მოუშუშებელი იარები აქვთ. მათზე ზრუნვას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა, ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან პირველები, რომელთაც ყველაზე კარგად ესმით მშვიდობის ფასი. ისინი არიან პირველები, ვინც მზად არიან გადადგან ნაბიჯები ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ ჩვენს საზოგადოებებს შორის, რომლებიც დღეს მავთულხლართებით არიან დაყოფილები.
სულ მალე ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავი აღინიშნება. გერმანიის ელჩს ვთხოვე, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოებისათვის მიემართა. ბერლინის კედლის დანგრევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ას კილომეტრამდე მავთულხლართი, რომელიც დღეს ოჯახებს, ნათესავებს ერთმანეთისგან ყოფს, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის კედელი წინა საუკუნეში ყოფდა, აუცილებლად დაიშლება და იმავე ბედს გაიზიარებს, რაც საბჭოთა რეჟიმის მიერ აგებულმა რკინა-ბეტონის კონტრუქციებმა. ხელოვნური ბარიკადებით, ტანკებით, კედლებით ადამიანების ბუნებრივი მისრწაფებების შეკავება შეუძლებელია. გვგონია, რომ ამას თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.