შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის სოფლების - წინუბნის, ჯოყოლოს, ომალოსა და ზემო, ქვემო და შუა ხალაწნების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე, სოფლის მოსახლეობამ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილეს საჭიროებები და სტუმრებს პრობლემების გადაჭრის მათეული ხედვაც შესათავაზეს. მოსახლეობას მათ სოფლებსა და ზოგადად, რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
„მოსახლეობასთან შეხვდრები გრძელდება. ამჯერად პანკისის ხეობაში ვიმყოფებით და მათი პრობლემების შესახებ მოვისმინეთ. განსაკუთრებულად საინტერესო იყო ის საკითხები, რომლებიც გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს და ასევე მიმდინარე პრობლემები, რომელთაც ოპერატიული გადაწყვეტა, მოსახლეობის მოსაზრებები და მათი მხრიდან შემოთავაზებული გზები სჭირდება.
„ყველა სოფელს თავისი, ინდივიდუალური ხასიათის საჭიროება აქვს, თუმცა გამოიკვეთა საერთო პრობლემებიც - სოფლის შიდა გზების მოწყობა და სასმელი წყალი, რომელიც თითოეული მოსახლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ და რა გზებით შეიძლება ეს საკითხები გადაიჭრას. როგორც მოსახლეობა, ისე ჩვენ ერთმანეთს იმ განწყობით ვცილდებით, რომ ადამიანებთან უშუალო შევედრები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალი წლის ბიუჯეტი და პროექტები სწორედ მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმოს“,-განაცხადა ლია გიგაურმა.
შეხვედრებს აგრეთვე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრები - ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.