შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ფრანგ სენატორებს, საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
ოკუპაცია და მისით გამოწვეული შედეგები შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მიმოიხილა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები.
შეხვედრაზე გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის სირთულეებზეც ისაუბრეს, რომელთაც მათ მავთულხლართების პირისპირ ცხოვრება უქმნის.
მოგვიანებით ქეთევან ციხელაშვილმა სენატორებთან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილა. აღნიშნა მისი მნიშვნელობა და სარგებელი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ინიციატივის სრული ამოქმედების შემდეგ მიიღებს.
შეხვედრის დასასრულს საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დაისახა სამომავლო გეგმები.