შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კავკასიურ სახლში, პანკისელი ახალგაზრდების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა პანკისის ხეობის, ქისტი ხალხის კულტურისა და წეს-ჩვეულებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სახელმწიფო მინისტრმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანი თითოეული მოქალაქისათვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად სათანადო პირობების შექმნაა.
„დღეს პანკისელმა ბავშვებმა ადგილობრივი კულტურა, ფოლკლორი, სამზარეულო წარმოადგინეს. რაც მთავარია, ის სამოქალაქო აქტივობები, რომელთაც ისინი კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის მეშვეობით და სხვა დონორების მხარდაჭერით ახორციელებენ. ძალიან მიხარია, რომ პანკისის ხეობაში ჩვენი ქისტი და ასევე, ქართველი მოსახლეობა მსგავს პროექტებში ერთად ერთვებიან. ახლა ეს ბავშვები მეგობრები არიან და დარწმუნებული ვარ, მომავალში უკვე თანამოაზრეები და ჩვენი ძალიან ღირსეული მოქალაქეები იქნებიან.
„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს იმას, რომ ისინი მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, განვითარებაში. სწორედ ესაა ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანა -ერთის მხრივ პატივი ვცეთ, გავიცნოთ ერთმანეთის კულტურა, ის მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოარჩევს და მეორეს მხრივ, შეკავშირებული საზოგადოება ვიყოთ, რადგან ამ ქვეყნისთვის თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლების ამოცანა ის გახლავთ, რომ მათ თვითრეალიზაციის პირობები მაქსიმალურად შევუქმნათ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ღონისძიების ორგანიზატორი კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი იყო.