შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ავლევისა და კნოლევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრების მიზანი სოფლებში არსებული სიტუაციის გაცნობა და მოსახლეობის წინაშე მდგარი სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
ადგილობრივებს მათ სოფლებსა და ზოგადად, რეგიონში დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
„მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება. ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ვხვდებით. მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი და დაისვა კითხვები იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც თითოეულ სოფელს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ აქ მოქმედებს უწყებათაშორისო კომისია, რომელიც კონკრეტულად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ძალიან ბევრი მადლობაც მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სოფლებში გადაიჭრა გზის, წყლის, გაზიფიკაციის პრობლემა. ასევე, დახმარებას იღებენ როგორც სტუდენტების დაფინანსების კუთხით, ისე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.
„ამავდროულად, სხვადასხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილი გამოითქვა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კომისიის მომდევნო სხდომაზე სწორედ ეს საკითხები განიხილება. თითოეული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
შეხვედრებს აგრეთვე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლის რეგიონში, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.