შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ყოფილ ევროპარლამენტართა დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციასთან ისაუბრა.
ოკუპაცია და მისით გამოწვეული შედეგები შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევები გააცნო. ხაზი გაუსვა გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების ფაქტებს.
შეხვედრაზე გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის სირთულეებზეც ისაუბრეს, რომელთაც მათ მავთულხლართების პირისპირ ცხოვრება უქმნის.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილა. აღნიშნა მისი მნიშვნელობა და სარგებელი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ინიციატივის სრული ამოქმედების შემდეგ მიიღებს.
სტუმრები იმ საქმიანობითაც დაინტერესდნენ, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით ეწევა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აგრეთვე შედეგები, რომლებიც სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკას ახლავს.