შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ბუნდესტაგის წევრი მანუელ სარაცინი ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სტუმრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მიმოიხილა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები, რომლებიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას, გადაადგილების, საკუთრებისა და სხვა უფლებების შეზღუდვას უკავშირდება.
მოგვიანებით ლია გიგაურმა ბუნდესტაგის დეპუტატთან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობა და სარგებელი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ინიციატივის სრული ამოქმედების შემდეგ მიიღებს.