შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 700-მდე დევნილ ოჯახისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წლის ბოლოს საკუთარი ბინა კიდევ 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება.
სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აგრძელებს კურსს, რომელიც არჩეული აქვს. კერძოდ - კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას. მისი თქმით, ეს იყო და მომავალშიც იქნება ხელისუფლების პრიორიტეტი.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ, ყოველდღიურად გრძნობენ მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელ კონფლიქტის სიმძიმეს. მათ დროებით დაკარგეს წვდომა საკუთარ სახლებზე და დღემდე, არსებული ვითარების გამო, ვერ ბრუნდებიან.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს მათი სიხარულის თანაზიარი გავხდი. თუმცა, მშვიდობიანად აუცილებლად ვიბრძოლებთ იმ დღისთვის, რომ ჩვენ ერთი მთავარი სიხარულის თანაზიარი ვიყოთ - როდესაც ისინი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.