შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს ულოცავს.
"აფხაზურ ენას საქართველოს კონსტიტუცია იცავს და ეს ამ ენის მნიშვნელობაზე მეტყველებს მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. მას დღეს განსაკუთრებულად სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და განვითარება, იმ ვითარების გამო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, 2017 წელს აფხაზურ ენასთან დაკავშირებით მიღებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
"მიხარია, რომ ამ უნიკალური ენის შესწავლით სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს იმაზე მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე აშორებს. მშობლოური ენა მნიშვნელოვანია იდენტობისთვის და მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევა ერთიანი უნდა იყოს. ამ სულისკვეთებით უნდა შევძლოთ წარსულის მძიმე და ტკივილიანი გამოცდილების, დღეს უკვე მავთულხლართებით დაშორიშორების დაძლევა, თანამშრომლობისა და შერიგების გზით, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.