შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შვედეთში, ქალაქ ლუნდში, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის, ლამბერტო ზანიერის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციაზე, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა ეფექტური მონაწილეობის შესახებ ეუთოს უმაღლესი კომისრის ლუნდის რეკომენდაციების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა, ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში აუდიტორიას საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გაუზიარა. ხაზი გაუსვა იმ მიღწევებს, რომლებიც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. აგრეთვე ისაუბრა ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მან კონფერენციას, რომელში მონაწილეობასაც ეუთოს ინსტიტუტების ხელმძღვანელები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ოფიციალური პირები იღებდნენ, მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერ ფორმატში, სადაც ადამიანის უფლებები განიხილება, გარდაუვალია იმ უმთავრესი და უმწვავესი პრობლემის ხსენება, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.
„დღეს მე დეტალურად ვისაუბრე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე. განსაკუთრებით, ქართველების მიმართ განხორციელებულ ეთნიკური დისკრიმინაციის პოლიტიკაზე. ასევე, ყველაზე მწვავე და სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემაზე, რაც ცხინვალის რეგიონის იზოლირებას, ჩაკეტვას და ახალგორის მოსახლეობის ჰუმანიტარული კრიზისის პირას ყოფნას უკავშირდება.
„ვისაუბრე დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების აუცილებლობაზე, რისკენაც სახელწიფოს თითოეული უწყების ძალისხმევაა მიმართული. მე მათ ვუთხარი, რომ ყველა შესაბამისმა ინსტიტუციამ, იქნება ეს ეუთოს უმაღლესი კომისარი უმცირესობების საკითხებში თუ საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რომელიც ამ სესიაზე ასევე იმყოფებოდა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ პრობლემის სწრაფად გადასაჭრელად ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან. მითუფრო სამშვიდობო პროცესსა და ჟენევის დისკუსიებში ეუთოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალა, რეალურად ეუთოს წევრი სახელმწიფოა.
„ჩემს გამოსვლაში აგრეთვე ვისაუბრე იმაზე, რომ დღეს საქართველოს აქვს ძალიან წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა და ყველა იმ გამოწვევის გადასაჭრელად, რაც ძირითადად ეთიკური უმცირესობების საჯარო სივრცეში ჩართვას უკავშირდება, ჩვენ ეფექტური პოლიტიკა გვაქვს შერჩეული - სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებიდან დაწყებული, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით დასრულებული, როგორიც „1+4“ პროგრამაა. ასევე ისეთი შესაძლებლობები, რაც მათთვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებას და პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობას გულისხმობს. ეუთომ საქართველოზე სპეციალური ფილმი გადაიღო და ის წარმოაჩინა, როგორც წარმატებული მოდელი იმისა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობისა და საჯარო სივრცეში მათი ჩართულობისათვის,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.