ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების საკითხზე და ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით წარმოქმნილ გამოწვევებზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პატრიკ ფრანცენთან ისაუბრა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად მიმოიხილა ცხინვალის რეგიონში და განსაკუთრებით, ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, რომელთაც მათ გადაადგილების შეზღუდვა უქმნით. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში ამ ნაბიჯით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე.
საუბარი აგრეთვე შეეხო სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი განხორციელების პროცესს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა სარგებელი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ინიციატივის სრულად ამოქმედების შემდეგ მიიღებს. ხაზი გაუსვა ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული პროექტებისადმი გამოხატულ ინტერესს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. დაისახა სამომავლო გეგმები.
შეხვედრას აგრეთვე დაესწრო შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი დანიელ მიული.