შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნა და ის მძიმე ვითარება იყო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო.
„ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ამ ძალიან სასწრაფო პრობლემების მოსაგვარებლად ევროკავშირის მხარდაჭერა აუცილებელია. პრობლემების, რომლებიც დიდ გამოწვევებს ქმნის, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ისევე როგორც საქართველოსთან ორმხრივ და სექტორულ თანამშრომლობაში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს. ეს გულისხმობს როგორც უფრო მოკლევადიან ამოცანებს - ადამიანის უფლებების დარღვევაზე ეფექტურ პასუხს, ჰუმანიტარული გამოწვევების დაძლევისათვის ყველა არსებული მექანიზმის ეფექტურად გამოყენებას ჟენევის დისკუსიებიდან დაწყებული, ევროკავშირის სხვადასხვა პროექტით დასრულებული, ისე გრძელვადიანად კონფლიქტის ტრანსფორმაციისაკენ მოძრაობას.
„საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო რჩება ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის ერთგული და რეფორმების თვალსაზრისით სამეზობლოში წამყვან ქვეყნად. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა