ციხელაშვილი - „სამოქალაქო სექტორი არის უნიკალური აქტორი, რომელსაც სამშვიდობო პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“

12 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და სახელმწიფო მინისტრის საქმიანობა გააცნო.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგელებთან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ისინი არიან უნიკალური აქტორები, რომელთაც სამშვიდობო პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ.

„დღეს ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე. როგორიცაა ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის დაკეტვა,  ცხინვალის რეგიონის იზოლაცია, რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ან საერთაშორისო აქტორების მხრიდან. ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობისა და მისი გათავისუფლებისათვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

„ასევე ვიმსჯელეთ სამშვიდობო პროცესზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს გავაცანი სამშვიდობო ინიციატვის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობა. დღეს ძალიან კონკრეტული მონაცემებით, რიცხვებით, სტატისტიკით, მიღებული აპლიკაციების ანალიზით ვისაუბრეთ იმ ძალიან მაღალი ინტერესის შესახებ, რომელიც ამ ახალ ინიციატივას, ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, უშუალოს ხალხის მხრიდან აქვს.  მათ შორის, აფხაზებისა და ოსების მხრიდან.

„აქ არიან ორგანიზაციები, რომლებიც თავად არიან ყოველდღიურ კონტაქტში მათთან და შეუძლიათ დაადასტურონ, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით ინტერესი მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია. ჩვენ უკვე შევქმენით კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება ამ ვაჭრობის წარმოება ისე, რომ პოლიტიკური ხაზები არ გადაიკვეთოს.

„ინტერესი განათლების მიმართულებით რომ რომ მაღალია, ესეც საყოველთაოდ ცნობილია. მინდა გითხრათ, რომ წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ორნახევარჯერ გაიზარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან სტუდენტთა რაოდენობა იმ ახალი მექანიზმების დამსახურებით, რომლებიც სწორედ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შევქმენით. ესეც ადასტურებს, რომ ინტერესი ძალიან მაღალია.

„ჩვენი გამოწვევა ისაა, რომ ამას ჯეროვანი რესურსებით ვუპასუხოთ. ამაში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების თანადგომის იმედი გვაქვს.  აშკარა და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს გამოცდილება, როგორც ძველ, ისე ახალ თაობას. ასევე აქვს დიდი მზაობა, რომ  პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს. ვფიქრობ,  რომ ამ საქმეში პარტნიორები ვართ და ამ პარტნიორობას აუცილებლად გავაგრძელებთ“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.