ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა

14 თებერვალი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართულებები გააცნო, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და შერიგების კუთხით, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების და ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ესაუბრა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელთან გამკლავებაც ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“ მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის განხორციელების მიზნით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

ასევე საუბარი შეეხო იმ სახელმწიფო სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით გვაქვს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკონოვან მეგობრობას, რითაც საქართველო ამაყობს.

საუბრის ბოლოს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ხაზი გაესვა კავშირების მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.