ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა

19 თებერვალი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას, იმ უსამართლო ბრძოლაში თავისუფლებისთვის, რომელიც მას ბოლო წლების განმავლობაში აქვს. აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაცია, რაც კიდევ უფრო მეტ რისკს ქმნის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია პროცესის მშვიდობიან ჩარჩოში წარმართვა. სამწუხაროდ ჩვენ გვაერთიანებს საერთო გამოწვევა, გვაერთიანებს საერთო მშვიდობიანი მიდგომაც, საინტერესო იყო მათი ხედვების მოსმენა. კიდევ ერთხელ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ სახელმწიფოებს აწუხებს, ეს არ არის საუბედუროდ შემთხვევითი, რუსეთი არის საერთო აქტორი, ეს არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების გამოწვევა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გადავდგათ დინამიური ნაბიჯები კონფლიქტის რეალური მოგვარებისკენ“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით გაწეული ძალისხევა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ კონფლიქტების მიმართულებით, საქართველოს და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.