„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არა მარტო ოჯახისთვის, რომლის მიმართაც დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის,"- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.
წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ.
მთავრობის მეთაურმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი დაათვალიერა, რომელიც სოფელ წილკანში დღეს გაიხსნა
"არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს, რასაც მოჰყვა ძალიან გრძელი 26 დღე, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, მისი ცხედარი გადმოგვცემოდა და ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, რომელმაც ფაქტობრივად თავი გასწირა ღირსებით, გაუტეხლობით იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და მსხვერპლის გარეშე, რადგანაც დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი. ის მსხვერპლია, ის გმირია და მართლაც საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად, ეს წარმოადგენს სწორედ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დანაშავეები არიან ფაქტობრივად დაუსჯელნი. დამნაშავეების პასუხიასგებაში მიცემა არის უმთავრესი საკითხი, რომელიც შეიძლება არ მოსწონს მავანს, მაგრამ სხვაგვარად აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენი ახალგაზრდები – არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რამე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში. საუბედუროდ, ეს არის იმ მოცემულობის ნაწილი, რომელიც ასე ღიად დადგა ჩვენს ქვეყანაში 2008 წლიდან მოყოლებული, რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი უმძიმესი დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ყველაზე უზენაესის, სიცოცხლის ხელყოფაც, როგორც ეს არჩილის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.