ქეთევან ციხელაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა

26 თებერვალი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან არსებულ მდგომარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების პრობლემაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებსა და უკანონო დაკავებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზი გაესვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითი ტენდენციები და პროგრესი გვაქვს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ სხვადასხვა სფეროში ჩართულობის კუთხით.

სახელმწიფო მინისტრმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას.