შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს გამოწვევები, რომელთა წინაშეც ოკუპირებულ ტერიტორიებისა თუ გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა დგას.
ხაზი გაესვა რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელთან გამკლავებაც, მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, ყოველდღიურად უწევს.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. გააცნო ინიციატივის განხორციელების პროცესში გადადგმული ნაბიჯები. სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.