შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად, გაზეთ „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები მარნეულის ბლოკ-პოსტთან, ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს გადასცა. გამოცემები მოსახლეობისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი და ორივე მუნიციპალიტეტში დარიგდება.
მასალები მოიცავს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის დროს ქცევის წესებს, ინფორმაციას COVID-19-ის შესახებ, რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებს N180 და N181, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებებს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, აპარატი ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც აზერბაიჯანულად, ასევე სომხურად თარგმნის და ავრცელებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დადგენილებებს, შეზღუდვებს, წესებს, რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.
„COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად გავრცელება და რაც მთავარია გათავისება. მოგეხსენებათ ისიც, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც არ საუბრობენ ქართულად და საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, სწორედ ამიტომ, ჩვენი აპარატის ინიციატივით, ყველა ის ინფორმაცია, რეკომენდაცია თუ დადგენილებები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, ინტენსიურად ითარგმნება მათ მშობლიურ ენაზე და ვრცელდება.
იმის გამო, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის მოთხოვნები რომ მივიტანოთ მოსახლეობამდე, სპეციალური გამოშვებები გამოიცა „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“ ეს არის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთები, რომელშიც გაწერილია, როგორც 180-ე და 181-ე დადგენილებების მოთხოვნილებები, ასევე შეზღუდვებთან ერთად არის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ. რეკომენდაციების დაცვა არის ყველას პასუხისმგებლობა, არამხოლოდ საკუთარი ახლობლების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.