ქეთევან ციხელაშვილსა და მოლდოვის ვიცე-პრემიერს შორის დისტანციური შეხვედრა შედგა

6 მაისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილსა და მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკს შორის დისტანციური შეხვედრა შედგა.
 
ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოლდოვის კონტროლს მიღმა არსებულ კონფლიქტურ რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის ფონზე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, იმ ნაბიჯების და დახმარების თაობაზე, რასაც საქართველოს და მოლდოვის მთავრობა უწევს აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის მათი სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფის, ტესტირებისა და მკურნალობის მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკას და მის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.
 
საქართველოსა და მოლდოვას შორის ორ წელზე მეტია არსებობს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები თანამშრომლობენ მშვიდობის მშენებლობის სფეროში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით.