საკონსულტაციო საბჭოს მესამე დისტანციური სხდომა გაიმართა

8 მაისი 2020
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია/გამკლავების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს მესამე დისტანციური სხდომა გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საზოგადოება ახლა იმყოფება არა ნეიტრალურ გარემოში, არამედ ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც დეზინფორმაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა თემებზე, დაწყებული ლუგარის ლაბორატორიით, დასრულებული ეთნიკური განსხვავებულობის მანიპულირების მცდელობით.
 
ვიდეო კონფერენციაზე კორონავირუსთან ბრძოლისთვის ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და გამოწვევებთან დაკავშირებით აპარატის მიმდინარე საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება მათთვის მშობლიურ ენაზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
 
“გვქონდა ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული ონლაინ შეხვედრა საკონსულტაციო საბჭოსთან, სადაც საბჭოს წევრებს, რომლებიც არიან ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიურად ჩართულნი, სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში და მუშაობენ თანასწორობის საკითხებზე, გავაცანით ყველა ის აქტივობა, რასაც ახორციელებს სახელმწიფო, მათ შორის ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში, რომლის ამოცანაა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა მიიტანოს მაქსიმალურად ინფორმაცია. პირველი, რა თქმა უნდა, არსებული საფრთხეების თაობაზე, ყველა იმ რეკომენდაციის თაობაზე, რასაც გასცემს ჯანდაცვის სისტემა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული წესების თაობაზე. იცით თქვენ, რომ ზოგიერთ რაიონში და დასახლებაში არის კიდევ უფრო მკაცრი საკარანტინო ზომები არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა იყოს დაცული.
 
ყველა საშუალება მიმოვიხილეთ, მათ შორის დაწყებული ონლაინ რეჟიმით, დასრულებული კარდაკარ ბეჭდური მასალების დარიგებით, StopCoV.ge-ს რამდენიმე ენაზე ფუნქციონირებით, მშობლიურ ენაზე Sms-ების სახით სხვადასხვა გზავნილის მიწოდებით, ადგილზე უკვე ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობებით, რომლებიც ყოველდღიურად ხორციელდება იმისთვის, რომ თითეული მოქალაქე იყოს მაქსიმალურად ინფორმაციით შეიარაღებული, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა საკუთარი თავის დაცვის და საზოგადოების დაცვის.
 
"ვისაუბრეთ ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ მოქალაქეები ჩართულნი ამ კრიტიკულ ფაზაზე, როდესაც ვიწყებთ უკვე ეკონომიკური გახსნის პროცესსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქესთან მივიდეს არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ ყველა სერვისი, რაზეც საუბრობდა კიდეც პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ.
ვისაუბრეთ, გამოწვევებსა და პრობლემებზეც, რომლებიც არსებობს და რომლებიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს. მითუფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არ ვიმყოფებით ნეიტრალურ გარემოში, ვართ ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც დეზინფორმაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა თემებზე, დაწყებული ლუგარის ლაბორატორიით, დასრულებული ეთნიკური განსხვავებულობის მანიპულირების მცდელობით.
ვისაუბრეთ იმ ზომებზე, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ უნდა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ასეთი სახის მცდელობა პირველ რიგში სწორედ საზოგადოების გონიერებიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, რომელიც ეფუძნება თანასწორობას“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებისა და გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო საბჭო ერთი წლის წინ შეიქმნა.
 
საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული აქტივობების შემუშავების, არსებული გამოწვევების დასაძლევი საპასუხო ნაბიჯების განხილვისა და მოსახლეობის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო მინისტრთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.