სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და შესაბამისი ხუთწლიანი გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობის მიზნით, რომელსაც ვადა 2020 წელს ეწურება, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დისტანციური შეხვედრა გაიმართა. ვიდეო კონფერენციას სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა უხელმძღვანელა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ახალ დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ლია გიგაურმა შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთონ.
დისტანციურ სხდომაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საჭიროებებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს უკვე გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. საუბარი შეეხო სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხების, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნებისა და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით სახელწმიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს.
აგრეთვე განიხილეს მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები.