ლია გიგაური საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად სოფელ რუხში იმყოფებოდა

29 ივნისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად სოფელ რუხში იმყოფებოდა.
 
ლია გიგაურმა დიპლომატთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გამყოფ ხაზთან მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულა და მათ ტკბილეულთან და საჩუქრებთან ერთად, პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვები პროდუქტების კალათები გადასცა. გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების აქცია მთავრობის ადმინისტრაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. საქართველოს ხელისუფლება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.
 
დიეგო კოლასი:
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. საფრანგეთის ხელისუფლება კოვიდის კრიზისის პერიოდში სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, რადგან ეს კრიზისი განსაკუთრებით რთულად სწორედ ამ ადამიანებზე აისახება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა"