„ძვირფასო საზოგადოებავ, მოგესალმებით გულითადად, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პრემიერ-მინისტრის და ჩვენი სამთავრობო გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა, რისთვისაც ღრმა და გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ. უდაოდ დიდი პატივია მოცემული შესაძლებლობა, განვაგრძო ჩემი პროფესიული საქმიანობა ამჯერად შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებით და შევძლო წვლილის შეტანა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტის განხორციელების საქმეში, შევუერთდე საქართველოს ხელისუფლების და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ქართული, ოსური და აფხაზური საზოგადოებების შერიგებისკენ, ისევე როგორც თანასწორობის პრინციპით მთლიანად ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ.
საქართველოს მთავრობამ გააკეთა ძალიან მტკიცე, მყარი და კარგად გააზრებული არჩევანი, რომელიც არის მდგრადი მშვიდობა და განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც აქვს სოლიდური საერთაშორისო მხარდაჭერა. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი და პრიორიტეტი კი არის ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება, ასევე იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტით გამოწვეული შედეგების სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით გასული წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა განხორციელდა, გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი, მათ შორის უპრეცედენტო ნაბიჯები, აქვე მსურს გამოვყო ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ნამდვილად ხმამაღალი და ღია განცხადია, საქართველოს მთავრობის და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი და ჩვენ ვართ დაინტერესებული მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და პირდაპირი კონტაქტების დამყარებით. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში წამოწყებული ინიციატივები უდაოდ გაგრძელდება.
ჩვენი მიზანი კი იქნება გავაძლიეროთ ძალისხმევა, განვაგრძოთ მუშაობა შემდგომ უფრო მეტად ქმედით, შედეგზე ორიენტირებულ და ოპტიმალურ გზებზე, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აღსადგენად.
მე მჯერა, რომ არსებობს არსებული გამოწვევების ისეთი გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად შეეხმიანება როგორც აფხაზური და ოსური, ასევე ქართული საზოგადოებების საერთო ინტერესებს. მე მჯერა, რომ ჩვენ წარმატებით გავართმევთ ამას თავს და ვიპოვით აუცილებლად ამ გზებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეს მისწრაფება მიმართულია მავთულხლართების და ფიზიკური ბარიერებით იზოლირებული მოსახლეობის დეიზოლაციისკენ. ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით ღია დიალოგისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობით. ისტორიულად ჩვენი ქვეყანა არის მრავალეთნიკური სახელწმიფო ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული მიღწევები, პროგრესი, მაგრამ არაერთი გამოწვევაა წინ. იქნება ეს სახელმწიფო ენის შესწავლის თუ სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.
დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში კანონი თანაბარ უფლებას ანიჭებს ყველა მოქალაქეს, იცავს მათ იდენტობას და აუცილებლად განვაგრძობთ ამ კუთხით ჩვენს ინტენსიურ ძალისხმევას, რომ გავზარდოთ ჩართულობა და სამოქალაქო ინტეგრაცია და ერთიანი საზოგადოების კონსოლიდაცია. ამ პროცესში აქტიურად გამოვიყენებ დიპლომატიურ ასპარეზზე ჩემს მიერ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას“-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.