სახელმწიფო მინისტრმა გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილესთან დანილ ხოშაბოსთან, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველთან მაქსიმ ლონგანგსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ნატალია ვუტო

16 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილესთან დანილ ხოშაბოსთან, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველთან მაქსიმ ლონგანგსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან.
 
შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
 
სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად და დეტალურად მიმოიხილა საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები.
 
ამასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიმდინარე უკანონო პროცესის გამო, მათ შორის დიდ ხურვალეთში, ატოცსა და ზემო ნიქოზში, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მცხოვრებლების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
 
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.