შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან შეხვედრა გამართა

17 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ისევე როგორც თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ შორის დიდ ხურვალეთში, ატოცსა და ზემო ნიქოზში, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიმდინარე უკანონო პროცესზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, უკანონო პროცესების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინიციატივის საგანმანათლებლო მიმართულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე წვდომას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
 
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩეხეთის რესპუბლიკის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.