შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პირველი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა

19 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პირველი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულებთან შოთა რეხვიაშვილთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრის შემდეგ, ქალაქ მარნეულში გაემგზავრა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან - არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდებთან, მასწავლებლებთან, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
 
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა და გამოყო ის მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტებად დარჩება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებშიც. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები, პოზიციები და შეფასებები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
 
„სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია, ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაფართოება, სახელმწიფო ენის შესწავლის დონის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება იყო ის მთავარი თემები, რომლებიც განვიხილეთ დღეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მათი მოსაზრებების და იდეების გაცნობა ამ ეტაპზე, როდესაც უკვე მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.