შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა ავსტრიის მხრიდან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. ასევე, აღინიშნა ავსტრიის ძალისხმევა ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. მან ყურადღება გაამახვილა უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს შეუფერხებელი წვდომა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე, საარსებო წყაროებსა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისკენ. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე. თავის მხრივ, ავსტრიელი დიპლომატი კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და მათი განხორციელების პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრის ბოლოს, სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ახალდანიშნულ ელჩს მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.