შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, კერძოდ, პანდემიით გამოწვეულ კრიზისსა და საჭიროებებზე.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ისევე როგორც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ნდობის აღდგენა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობა.
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის მშვიდობის მშენებლობის, ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების გზით, რაც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ.