შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგ კურსი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას კორონავირსუთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და მოქმედი რეგულაციების ფონზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა, რომ მოხალისეთა ჯგუფის გადამზადება მიმდინარეობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ახლახან დაანონსებული რამდენიმე კომპონენტიანი კამპანიის ფარლგებში, რომელიც ასევე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.
ტრენინგში მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები თავიანთი თანატოლების ინფორმირებაში. ახალგაზრდები გახდებიან ინფორმაციის მულტიპლიკატორები და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ზემოაღნიშნულ საკითხებზე დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს.
ტრენინგის დროს მონაწილეები შეხვდებიან ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მოწვეულ ექსპერტებს, გაიღმავებენ ცოდნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სიღრმისეულად გაეცნობიან როგორც ვირუსის მართვის კლინიკურ ნაწილს, ასევე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეღავათებსა და კომპენსაციებს, ამავდროულად მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ქვეყანაში დროებით მოქმედი შეზღუდვებისა და არსებული რეკომენდაციების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა თამარა სირბილაძემ.
ტრენერთა ტრენინგი წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.