თეა ახვლედიანი - ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, განვითარება და ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაა, რაც ევროპულ სახელმწიფოში საერთო მომავლის ხედვას უკავშირდება

22 დეკემბერი 2020

„საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთად და უმძიმესი პოლიტიკური შედეგების გარდა, უკავშირდება ასობით-ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის, ისევე როგორც ომით გაყოფილი ხალხის უმძიმეს ხვედრს. ისინი, დღემდე ებრძვიან უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგებს, განიცდიან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და ჰუმანიტარულ კრიზისს. ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ უპრეცედენტო დაკეტვით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, „ბორდერიზაცია“ და ხელოვნური ბარიერების აღმართვა სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრებ, განსაკურებით გალისა და ახალგორის მოსახლეობას; მიზნად ადამიანებს შორის ურთიერთობების ბარიერების შექმნას ისახავს და კონფლიქტის ხელოვნურად შენარჩუნებას ემსახურება.

კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა, სოლიდური საერთაშორისო მხარდაჭერით, განაგრძობს თავის მტკიცედ არჩეულ სტრატეგიულ ხაზს, რასაც ერთმნიშვნელოვნად მშვიდობიანი და თანმიმდევრული, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს.

ამ პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, აუცილებლად დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას; ადამიანმებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობას.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, განვითარება და ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაა, რაც ევროპულ სახელმწიფოში საერთო მომავლის ხედვას უკავშირდება“