თეა ახვლედიანი - ჩვენ უკვე გვაქვს ხედვა, რომელიც სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის თითოეული მიმართულებით თვისობრივად ახლებური მიდგომების დანერგვას ეფუძნება

22 დეკემბერი 2020

„საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური და კულტურად მრავალფეროვანი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განიხილავს სამოქალაქოს თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკას და მისი ეფექტიანობის განგრძობად ამაღლებას. ამ მიმართულებით ხელისუფლების მიზნები ორინეტირებულია პლურალისტური და ინკლუზიური პოლიტიკის გატარების გზით ერთიანი, სტაბილური, სამართლებრივი და მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცებაზე, რომლის თითოეული წევრი თანასწორია, ღირსეულად ცხოვრობს და სარგებლობს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, აქვს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და პირობები, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა, ქვეყნის სიძლიერის წყაროდ და ფასეულობად განიხილება.

ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ ჩვენი პოლიტიკა განიხილება სამ განზომილებაში-ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული არჩევანის კონტექსტში. მის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დანერგილი არაერთხელ ყოფილა განხილული საერთაშორისო შეფასებებში, როგორც საუკეთესო და უნიკალური პრაქტიკა. თუმცა, მიღწეულ ხელშესახებ შედეგებთან ერთად რჩება რიგი გამოწვევები, რომლებიც გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეფასებებშიც. ეს გამოწვევები უკავშირდება სახელმწიფო ენის ცოდნას, ინფორმირებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, პოლიტიკურ მონაწილეობასა და სხვა მიმართულებებს. ჩვენ უკვე გვაქვს კონცეპტუალური ხედვა, რომელიც თითოეული მიმართულებით თვისობრივად ახლებური მიდგომებისა და ისეთი მექანიზმების დანერგვას ეფუძნება, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვანი ინტეგრაციის შედეგს - რაც ნიშნავს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების სახელმწიფოსთან იდენტობისა და მიკუთვნების განცდის განმტკიცებას და ემოციური კავშირის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივ პროცესებსა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ჩართულობას.

ჩვენს მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით ეფექტიანი მექანიზმების დანერგვაზე, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობებისთვის გამიზნულ დეზინფორმაციას დაპირისპირებაზე.

გრძელვადიანი და შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების უზრუნველსაყოფად და შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურათაშორისი დიალოგი.

სამოქალაქო ინტეგრაცია დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია და მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან, საინტეგრაციო პროცესებში სრულფასოვან მონაწილეობას, სათანადო მოტივაციასა და ძალისხმევას, ასევე პასუხისმგებლობების გაზიარებას. ამ მიზნების მიღწევას სჭირდება საზოგადოების მხრიდან ქმედითი თანადგომა, და მხარდაჭერა, ჩვენ ასეთ განზომილებაში ვხედავთ ჩვენი სტრტეგიული მიზნების განხორციელების ეფექტიანობას და ამ მიმართულებით საზოგადოების ძალისხმევის და კონსოლიდაციის დიდი იმედი გვაქვს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მომავალი საქმიანობა ხელს შეუწყობს თანასწორი საზოგადოების იდეის რეალიზებას, ქვეყნის მიღწევებითა და სიკეთეებით თანაბარი სარგებლობის პერსპექტივების შექმნას. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიღწევები და პროგრესი იქნება ერთგვარი გზავნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზებისა და ოსებისათვის - მათ უნდა დაინახონ, შეაფასონ და ჰქონდეთ ჩვენი საერთო მომავალის რწმენა ისეთ სახელმწიფოში, სადაც უზრუნველყოფილია სამოქალაქო თანასწორობა და მაღალ დონეზეა დაცული თითოეული მოქალაქის იდენტობა და უფლებები“