შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში.
„პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვთქვა წუხილი აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრების გამო, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.
5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.
ამ ეტაპზე დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით, ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში.
სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა ვერ გავასაჯაროვებთ ამ დიალოგის დეტალებს.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეგულარულად და ინტენსიურად მინდინარეობს ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მიღმა, არამედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ კუთხით ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას და მექანიზმს, რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამასთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამარტივება. ჩვენ კოვიდ პანდემიის პირობებშიც კი, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი არაფორმალური კომუნიკაციის გზით მიაღწიეთ პროგრესს და ამ კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც დავაგროვეთ. შევძელით გადმოგვეყვანა 1000-ზე მეტი სტუდენტი, რომელმაც შეუფერხებლად განაგრძო განათლება კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გაჩერებულა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რეფერალური ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ რეგიონს კოვიდ 19-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება ანალოგიური დახმარების გაწევა, მათ შორის ახალგორში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც სამწუხაროა“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.