შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
თეა ახვლედიანმა 60-მდე საერთაშორისო პარტნიორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც შერიგების და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით. დისტანციურ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას დაეთმო. აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.
საერთაშორისო პარტნიორებთან განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მიმდინარე წლის გეგმები, ამოცანები და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ხედვები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
„მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დეკემბერში წარმოდგენილი წლიური ანგარიშის შემდეგ, დღეს ჩვენი საქმიანობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარვუდგინეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. უცხოელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები პროგრესის თაობაზე.
ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული მიმართულებებით მიღწეული შედეგები განპირობებულ იქნა სწორედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის გზით.
ამ შეხვედრაზე ჩვენ სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ, დავსახეთ მიმდინარე წლის ამოცანები და თანამშრომლობის კონკრეტული გზები. ბუნებრივია შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დღესდღეობით არსებული სირთულეებისა და გამოწვევების განხილვას და მათზე მსჯელობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გათვალისწინებით.
ამ თვალსაზრისით დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ შეხვედრას, სადაც ხაზი გაესვა კიდევ ერთხელ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის და შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისადმი მტკიცე მხარდაჭერა“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.