შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამართა შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან პიტერ ვიბლერთან.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მადლიერება გამოხატა პანდემიის დროს სააგენტოს მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გაწეული დახმარებისთვის. ამასთან, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ასევე დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის განვითარებისა და თანამშრომლობის ახალი სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტები. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
ამასთან, თეა ახვლედიანი შეეხო ორივე მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობას.