გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც ასახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ კოვიდ-19 პანდემიის დროს გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტისკენ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფონზე.
კერძოდ, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფლების აღკვეთის, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ასევე პირადი უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის გამო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია თავისუფალი გადაადგილების მზარდი შეზღუდვისა და ე.წ. „გადასასვლელების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რეგიონების შემდგომი იზოლაცია გამოიწვია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, დოკუმენტში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა უარს აცხადებს რეგიონული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე და ადგილზე ადამიანის უფლებათა მექანიზმების დაუყოვნებელ, შეუფერხებელ წვდომას მოითხოვს.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.