სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი წარუდგინა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა გახსნეს.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი, ამავდროულად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-20 წწ.
პოლიტიკის მიღწევებსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე.
„დღეს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დაინტერესებულ ახალგაზრდებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო 2021-2030 წწ. სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებსა და მიზნებს, რომლითაც იმუშავებს ქვეყნის როგორც საჯარო უწყებები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვებს და თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან. ინკლუზიური იყო პროცესი როგორც დოკუმენტის შემუშავების ნაწილში, ასევე პროექტის განხილვები მიმდინარეობს ყველა რეგიონში. დღევანდელი განხილვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივად დატვირთული. მივიღეთ რეკომენდაციები, მათ შორის, ვიმსჯელეთ ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც გაზრდიან სტრატეგიის ეფექტიანობას და გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანენ ჩვენი ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ისეთი აქცენტები, რომლებიც გაკეთდა სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებაზე, კულტურათაშორის დიალოგზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის მიმართულებით, ასევე ქალთა თანასწორობაზე იყო ძალიან ბევრი აქცენტი გაკეთებული, გაჟღერდა სამოქალაქო, პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით სხვადასხვა ხელშემწყობი მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ვფიქრობთ, რომ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს შემდგომ სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობის ამაღლებას,“-განაცხადა ლია გიგაურმა.
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.