შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაძარში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს.
ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე მოხდა, ხოლო იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტი სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
„საქართველოში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების დ მათი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირთა დაკრძალვის ცერემონია დღეს შედგა. მათ შორის, ოთხი სამხედრო მებრძოლი სამხედრო პატივით დაიკრძალა დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას ამ პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძლიერი მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას, საბოლოოდ კი მოხდება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანმემამულის სიცოცხლე შეიწირა. ამ ეტაპისთვის 2300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათგან უკვე გადაეცა ოჯახებს 206 იდენტიფიცირებული პირი. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ ამ პროცესს. როდესაც ჩვენ გადმოვასვენეთ 13 ჩვენი მოქალაქე კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადაეცა ოჯახს ერთი იდენტიფიცირებული პირი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში",- განაცხადა ახვლედიანმა.