შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

28 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა
 
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტების აღსრულების კონტექსტში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა პროექტის ფარგლებში მოხალისე ახალგაზრდების მიერ გაწეული ძალისხმევა. ხაზი გაესვა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში მოქალაქეებისთვის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განმარტებისა და ამ პროცესიდან მომდინარე სიკეთეებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მშობლიურ ენაზე გავრცელების მნიშვნელობას. ამასთანავე, თეა ახვლედიანმა მნიშვნელოვნად შეაფასა თანატოლგანმანათლებელთა როლი მიმდინარე დეზინფორმაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე მისი ნეგატიური ზემოქმედების ფონზე. სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით განხორციელებულ ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილე ახალგაზრდები, ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიული მიზნის და პრიორიტეტული მიმართულების განხორციელებას ემსახურებოდნენ. რაც პირველ რიგში ეხმიანება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის განმარტებას ისევე, როგორც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასა და ევროკავშირთან დაკავშირებით გავრცელებული მითების მსხვრევას; ეს კი თავის მხრივ გულისხმობს გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. და რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ორენოვანი ახალგაზრდების მიერ ხდებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, მათ მშობლიურ ენაზე ინფორმირება და ცნობიერების გაზრდა. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს გაეროს ასოციაციის და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერის გარეშე, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ადამ შმიდტმა.
 
პროექტი 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობაა. პროექტი ყოველწლიურად ორ ეტაპს ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხორციელდება მონაწილეების გადამზადება, რის შემდგომაც თანატოლგანმანათლებლები შეხვედრებს ატარებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - სკოლების ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, თემის ლიდერებთან. 2020-2021 წლებში 15 მუნიციპალიტეტის 46 სოფელში, 51 შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 800-მდე მონაწილე დაესწრო.
 
საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.