2021 წლის 12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

13 მაისი 2021
2021 წლის 12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“.
 
მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
 
გადაწყვეტილებაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით გაუარესებული მდგომარეობის და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკური დისკრიმინაციის, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ასევე პირადი უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და საკუთრების უფლებების უგულვებელყოფის გამო.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების უკანონო პრაქტიკაზე; კერძოდ, მინისტრთა კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.
 
გადაწყვეტილებაში უკიდურესი შეშფოთებით აღნიშნულია, რომ კვლავაც დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები.
მიესალმება რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, მინისტრთა კომიტეტი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე და ხაზს უსვამს მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
 
გადაწყვეტილება აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და ამ კონტექსტში მოუწოდებს გალის მექანიზმის აღდგენისკენ.
 
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი ინსტრუმენტების მიმართ.
 
მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
 
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მინისტრთა კომიტეტი 2014 წლიდან იღებს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს.