შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა. თეა ახვლედიანმა ენგურჰესის კაშხალი მოინახულა და ადგილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ენგურჰესის იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც მას გააჩნია მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრო მომარაგებისა და ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისათვის.
საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გასაცნობად თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა, როგორც ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებულ გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სახელმწიფო მინისტრი სოფელ რუხში, ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.
„სამეგრელოს რეგიონში ჩემი სამუშაო ვიზიტი ოკუპაციის მსხვერპლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლისთავს უკავშირდებოდა. ამავდროულად, ვიზიტი ძირითადად მიზნად ისახავდა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე, მათ შორის ქალთა წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების ადგილზე გაცნობას და მათი მოგვარების გზების განხილვას. ქალთა როლის გაძლიერება და გაზრდა სამშვიდობო პროცესში, სწორედ ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტია ახალგაზრდების გაძლიერებაც და ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია გვქონდა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და რექტორთან. ამავდროულად, ადგილზე გავეცანით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებასთან და სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცესს ენგურის ხიდზე. დღევანდელი ვიზიტი სრულდება ენგურჰესის კაშხალზე, სადაც გავეცანით გვირაბის გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს და დღეისათვის უკვე ენგურჰესი მუშაობს სრული დატვირთვით. მინდა აღვნიშნო, ენგურჰესის უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ენერგეტიკული და ეკონომიკური, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითის კუთხით“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.